ვებშოუ "ტერმინალი" წარმოგიდგენთ ახალ ვიდეობითს #3 _ "Handmade" ...რა უპირატესობა აქვს ხელნაკეთ ნივთს მასობრივად წარმოებულ პროდუქციასთან შედარებით? რა განსაკუთრებულობა არის მასში? -- იქნებ ის, რომ ასეთი ნივთი უნიკალურია?! თანაც, ასეთი ნივთი გაცილებით მეტ ემოციას ატარებს, ვიდრე ნივთი, რომელსაც ყოველდღიურად, ასი ათასობით ადამიანი ყიდულობს სხვადასხვა მაღაზიაში. "ტერმინალის" ამ გამოშვებაში, გაიცნობთ თამარ(ი)ს -- არტისტს, რომელიც თავის ხელოვნებას ისეთ პრაქტიკულ რამედაც აქცევს, როგორიც ჩაცმაა. ასევე, ნახავთ, როგორ აფასებენ ასეთ ნივთებს თბილისის ერთ-ერთ სტუმრიან კაფეში, "ო, მოდა, მოდა", სადაც ხელნაკეთი ნივთები იყიდება. მოკლედ, ერთად შევაფასოთ, რა განსხვევებაა ხელნაკეთ ნივთსა და ისეთ ნივთს შორის, რომლის წარმოებაც კორპორატიულ დონეზე ხდება.
,,თეატრი ცხოვრებაა, კინო -- ხელოვნება, ტელევიზორი კი ავეჯი." -- ამ ციტატის ავტორი უცნობია, თუმცა მახვილგონიერი. რა ადგილი უკავია ამ შემთხვევაში ინტერნეტს? ვფიქრობთ, ის ყველაფერს მოიცავს: თეატრს, კინოს, ხელოვნებას, ტელევიზორს, ავეჯს და რაც მთავარია, ცხოვრებას... ბრიტანული ჯგუფის, Buggles-ის 1970-იანი წლების one hit wonder-ის ტექსტს რომ დავესესხოთ, ,,ვიდეომ რადიო-ვარსკვლავი მოკლა." საკითხავია, ინტერნეტმა თუ მოკლა სატელევიზიო ვარსკვლავი?! აქცია მან ტელევიზორი ავეჯად? ამ კითხვებზე თქვენთვის ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები იძლევიან ,,ტერმინალში" პასუხებს. გადაცემის მთავარი სტუმარი კი ანინა ტეფნაძეა -- ქართული ინტერნეტ-სივრცის აქტიური წარმომადგენელი და ბლოგერი, რომელიც ბევრ საინტერესო რამესთან ერთად, წარმატებული ბლოგინგისთვის რჩევებს მოგცემთ. დაივიწყეთ ცოტა ხნით ,,ავეჯი" და უყურეთ ,,ტერმინალს", რა თქმა უნდა, ინტერნეტში.
რა არის ის, რასაც საზოგადოების ნაწილი ვანდალიზმად მიიჩნევს, ნაწილი კი ჭეშმარიტ ხელოვნებად? ეს ქუჩის არტია -- ყველაზე სოციალური ხელოვნება, ხელოვნება, რომელიც აზრის გამოხატვის მრავალნაირ ტექნიკასა და ესთეტიკას აერთიანებს და ხელოვნებას ყველასათვის მისაწვდომს ხდის: მის გასაცნობად გალერეაში წასვლა არ დაგჭირდებათ. "ტერმინალი" სწორედ ქუჩის ხელოვნებაზე გიამბობთ, მიროსთან ერთად. მირო ის ადამიანია, ვინც ჩვენი დედაქალაქის ნაცრისფერ კედლებზე პირველმა მიიტანა შემოქმედებითი იერიში. რა ხდება ჩვენთან და რა ეტაპზეა ქუჩის არტი მსოფლიოში? მიროსთან, კარლოს გონზალესის ექსკლუზიურ ვიდეო-მასალასთან ერთად და კიდევ რამდენიმე დელიკატური წვრილმანის ფონზე, საახალწლო "ტერმინალი" ქუჩის ხელოვნების ირგვლივ იტრიალებს. თანაც, გადაცემის საშუალებით, ძალიან გემრიელი ალუბლის ღვეზელის გამოცხობას ისწავლით.