ალექსანდრე რეხვიაშვილი ერთერთი ყველაზე თვითმყოფადი და საინტერესო რეჟისორია ქართულ კინოში. ქართული საზოგადოება რეხვიაშვილს, საკუთარი თავმდაბლობის, გარკვეული ჰერმეტული ხელწერის და საბჭოთა ცენზურის გამო, თითქმის არ იცნობს. არ იციან არც მისი ფილმები და არც მისი გვარი. თუმცა პომპიდუს ცენტრში, როტერდამის კინოფესტივალის არქივში და ბერლინის კინო არქივში საგანგებოდ დაცულია მისი ფილმების ასლები. რეხვიაშვილის ფილმებს არა დაფასება, არამედ შეფასება სჭირდება. ეს შემოქმედი ქართული კურტურის ნამდვილი სიამაყეა, თუმცა როგორ შეიძლება იამაყო იმით, რაც არც იცი? 2012 წლის თებერვალში თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა ამ შემოქმედს გამოფენა მიუძღვნა, რომელიც საქართველოს კინო ცენტრის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ბატონი საშას გამოფენა იმდენად წარმატებული იყო, რომ ყველაზე მეტი დამთვალიერებელი ცენტრის გახსნიდან დღემდე სწორედ მის გამოფენას ჰყავდა. ეს ვიდეო ესსე გამოფენის კონტექსტშია გაკეთებული. მიხარია, რომ ამ დიდი შემოქმედის მსოფლმხედველობა და სიბრძნე დაფიქსირდა ამ ნამუშევარში. მნიშვნელოვანია, რომ არტარეა სწორედ ის კულტურული სივრცეა, რომლის მაყურებელი ალექსანდრე რეხვიაშვილს უფრო ახლოს გაიცნობს. იმედი მაქვს ბატონი საშა კიდევ არაერთი ფილმის გადაღებას მოახერხებს და კიდევ უფრო გაამდიდრებს სამყაროს თავისი უნიკალური ხედვით.
საინტერესო შემოქმედების იგნორირება, სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოებისთვის ნორმალური მოვლენაა. ავთო მესხი ამ შემთხვევაში ექსტრემალური მაგალითია. ადამიანი, რომელიც 13 წლიდან ავთო ვარაზის უახლოესი მეგობარი იყო და 20 წელზე მეტია სრულიად განსაკუთრებულ, საკუთარ გამომსახველობის მქონე ფერწერას აკეთებს, დღეს რუსთავში ცხოვრობს უსახლკაროების პანსიონში და მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე მხატვარმა და ხელოვნებათმცოდნემ იცის საქართველოში. ეს ადამიანები ბატონ ავთოს შეძლებისდაგვარად წლების განმავლობაში ეხმარებიან უბრალოდ გადარჩენაში. ავთო მესხის ერთი შეხედვით აბსტრაქტული ფერწერა სინამდვილეში რეალობის ინტერპრეტაციაა, ყოველთვის ძალიან კონკრეტული სათაურებით. ეს ვიდეო ბატონ ავთოს ეძღვნება, მის მეგობრობის წლებს ავთო ვარაზთან. იმედია, მალე ბატონი ავთოს სოციალური მდგომარეობა შეიცვლება, მისი ნამუშევრები უფრო დაფასდება და ჩვენი სირცხვილი მის მიმართ პროპორციულად შემცირდება. @ ვატო წერეთელი
მამუკა ჯაფარიძე საველე აკადემია ეკოლოგიური მეურნეობა და ხელოვნება შინდისი 2012 "სულ მეფიქრება, რომ ყველაფერი სინამდვილეში ძალიან მარტივადაა. ჩვენი ცნობიერება დაბინდულია ათასი წვრილმანით. სამყაროს მარტივი ბალანსი და წესრიგი კი თითქოს ჩვენს თვალწინაა. ალბათ ეს სიმარტივეა რთულად აღქმადი. ეს ვიდეო-ესსე ეხება შემოქმედების, კრეატივის ექსპორტს ხელოვნების კონტექსტიდან და მის იმპორტს ბიომეურნეობაში. თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სასწავლო კურსი, "ეკოლოგიური მეურნეობა და ხელოვნება", შესაძლებელი გახდა შინდისში მამუკა ჯაფარიძის და ანთეა ნიკოლსონის რეზიდენციაში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით. კურსის მთავარი მიზანი და ამოცანაა ბუნების და ადამიანის დამაკავშირებელი არხების ტექნიკური შეკეთება. ცხადია, რომ კავშირი ადამიანის გადაჭარბებული დომინაციის შედეგად არის დაზიანებული, ამიტომაც ბუნებრივია, რომ კონტაქტის აღდგენა სწორედ ჩვენი სამუშაოა. კურსი ვერ შედგებოდა, რომ არა მამუკა ჯაფარიძის, როგორც შემოქმედის, უკიდეგანო ბოისიანური და ფენომენალური მსოფლმხედველობა. როგორც იქნა, ფუკუშიმას ტრაგედიის შედეგად მთელი კაცობრიობა დაფიქრდა, რომ პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა ყველას ეხება. მთელს მსოფლიოში დაიწყო ატომური ენერგიის გაუქმების შესახებ მუშაობა".